1. ხელშეკრულების მხარეები და იურიდიული ძალა.
1.1. მომსახურების მიმწოდებელი: ინდივიდუალური მეწარმე „დავით სიმონიანი ქუერკუს“, საიდენტიფიკაციო კოდი / პირადი ნომერი: 01010016227, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქუჩა 221/2/1, საფოსტო ინდექსი 0186. მომსახურების მიმწოდებელი არის ვებ-დომენის letter.ge სრული და კანონიერი მფლობელი.
1.2. მომხმარებელი: ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას საიტზე და გადაიხდის დადგენილ სააბონენტო საფასურს.
1.3. წინამდებარე დოკუმენტს გააჩნია ორმხრივი იურიდიული ძალა. მომხმარებლის მიერ წესებისა და პირობების გაცნობის მონიშვნა (ელექტრონული დასტური) და სარეგისტრაციო ფორმის გაგზავნა ითვლება ხელშეკრულებაზე ხელმოწერად.
2. ხელშეკრულების საგანი და ბიზნეს-მოდელი.
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომწოდებლის საკუთრებაში არსებულ დომენურ ზონაში (letter.ge) მომხმარებლისთვის ვირტუალური იდენტიფიკატორის/მისამართის (მაგალითად: abc@letter.ge) ტექნიკური გამართვა, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ადმინისტრირება და სააბონენტო მომსახურება.
2.2. მხარეები თანხმდებიან, რომ მომწოდებელი არ ახორციელებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას და არ წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ან/და საშუალებების ოპერატორს.
2.3. მომწოდებელი ახდენს აღნიშნული ციფრული მისამართების უშუალო ტექნიკურ მუშაობას, სერვერულ ჰოსტინგს, გლობალურ უსაფრთხოებასა და მონაცემთა შენახვას საერთაშორისო ლიდერი პლატფორმის Zoho Corporation (zoho.com) ბაზაზე. მომწოდებელი ვალდებულია დაემორჩილოს Zoho-ს პლატფორმით სარგებლობის გლობალურ წესებსა და უსაფრთხოების პოლიტიკას.
3. სისტემის ფუნქციონირება და უსაფრთხოება.
3.1. ელექტრონული ფოსტის გამართულ მუშაობას, მის უსაფრთხოებას და ანტივირუსულ დაცვას უზრუნველყოფს Zoho Corporation-ის ინფრასტრუქტურა.
3.2. მომხმარებელს აქვს გარანტია, რომ მისი მიმოწერა დაცულია გლობალური სტანდარტების შესაბამისად.
3.3. Zoho Mail-ის ბიზნეს-ეკოსისტემა გამორიცხავს მომხმარებელთა წერილების ავტომატურ სკანირებას ან მათ გამოყენებას სარეკლამო მიზნებისთვის, რაც უზრუნველყოფს სრულ კონფიდენციალურობას.
4. რეგისტრაციის, მოდერაციისა და გააქტიურების წესი.
4.1. საიტზე მონაცემების შევსების შემდეგ, მომხმარებლის განაცხადი გადის მოდერაციას. მოდერაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომხმარებელს მიეწოდება საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
4.2. საფასურის გადახდა ხდება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. გადახდის დანიშნულებაში მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს საფოსტო ყუთის მისამართი, რათა მოხდეს მომსახურების ვადის ზუსტი იდენტიფიცირება და ათვლა.
4.3. ჩარიცხვის დადასტურების შემდეგ, ადმინისტრატორი ქმნის შესაბამის ელ-ფოსტის მისამართს დროებითი პაროლით, რომელიც მომხმარებელს გადაეცემა მის მიერ მითითებული საკონტაქტო საშუალებებით.
4.4. უსაფრთხოების წესი: პირველივე შესვლისას მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს დროებითი პაროლი და დააყენოს პირადი პაროლი. საფოსტო ყუთში შესვლა შესაძლებელია როგორც http://letter.ge/ საიტზე არსებული სპეციალური შესვლის ღილაკით, ისე ნებისმიერი სხვა თავსებადი პროგრამიდან (Microsoft Outlook, Mozilla Thunderbird, eM Client, Gmail App, Samsung Email, Outlook Mobile, Spark Mail).
4.5. საფოსტო ყუთის ფუნქციონალი (მოცულობა, პარამეტრები და ა.შ.) სტანდარტულია, თუმცა ნებისმიერი მონაცემი შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა ორმხრივი ინიციატივით ან თანხმობით.
5. მომსახურების საფასური, ვადები და რეზერვაცია.
5.1. პლატფორმის ტექნიკური მომსახურების სტანდარტული სააბონენტო ღირებულება შეადგენს 84 ლარს 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
5.2. მომსახურების ვადის დასრულებამდე 1 (ერთი) თვით ადრე, მომხმარებლის ელ-ფოსტაზე ან საკონტაქტო ნომერზე გაიგზავნება შეტყობინება მომდევნო 12 თვის საფასურის გადახდის აუცილებლობის შესახებ.
5.3. თუ მომხმარებელი ვერ ან არ მოახდენს მომდევნო პერიოდის საფასურის გადახდას, ზუსტად მე-12 თვის ბოლო დღეს მის საფოსტო ყუთზე მომსახურების მიწოდება ავტომატურად შეიზღუდება (დაიბლოკება).
5.4. მომსახურების შეზღუდვის დღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში საფოსტო ყუთის სახელი იქნება რეზერვირებული. ამ პერიოდში სხვა პირს არ აქვს უფლება დაარეგისტრიროს იგივე მისამართი, რაც ძველ მომხმარებელს აძლევს საშუალებას აღადგინოს საფოსტო ყუთის მუშაობა. 1 თვის გასვლის შემდეგ საფოსტო სახელი თავისუფლდება ახალი რეგისტრაციისთვის.
6. ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა.
6.1. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითებისა და ყოველგვარი პირგასამტეხლოს გარეშე, უარი თქვას წინამდებარე დისტანციურ ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება მომსახურების გააქტიურებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6.2. ზემოაღნიშნული 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან საფოსტო ყუთის აქტივაცია დაკავშირებულია მესამე მხარის (Zoho Corporation) წინაშე მომწოდებლის მყისიერ ფინანსურ ვალდებულებებთან, გადახდილი მომსახურების საფასური (84 ლარი) უკან დაბრუნებას აღარ ექვემდებარება (No Refund) შემდგომ შემთხვევებში: თუ მომხმარებელი დაარღვევს წინამდებარე წესების მე-7 პუნქტის პირობებს (სპამი, ფიშინგი და ა.შ.); თუ მომხმარებელმა ნებისმიერი ტექნიკური, პირადი თუ გაურკვეველი მიზეზით ვეღარ მოახერხა ფოსტაში შესვლა ან მისი გამოყენება; თუ მომხმარებელმა საკუთარი ინიციატივით, ნებისმიერ დროს გადაწყვიტა ხელშეკრულების შეწყვეტა ან სერვისით სარგებლობაზე უარის თქმა ვადის ამოწურვამდე.
7. აკრძალული ქმედებები და სანქციები.
7.1. კატეგორიულად აკრძალულია ციფრული სივრცის გამოყენება სპამის (არასასურველი მასობრივი გზავნილები), ფიშინგის, მავნე პროგრამების გავრცელების ან ნებისმიერი სხვა საეჭვო აქტივობისთვის. მსგავსი ფაქტის დაფიქსირებისას საფოსტო ყუთი დაუყოვნებლივ დაიბლოკება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და თანხის დაბრუნების გარეშე.
7.2. თუ მომხმარებელი ელ-ფოსტას გამოიყენებს რაიმე კრიმინალური, თაღლითური ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის, იგი სრულად აგებს პასუხს და დაისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა (Disclaimer) და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
8.1. ციფრულ სივრცეზე (ფოსტაზე) ტექნიკური წვდომა გააჩნია მომხმარებელს, Zoho-ს და ადმინისტრირების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელს (როგორც სისტემურ ადმინისტრატორს). მიმწოდებელს და Zoho-ს არ აქვთ უფლება გაეცნონ კლიენტის პირად მიმოწერას მომხმარებლის პირდაპირი თხოვნის ან ნებართვის გარეშე.
8.2. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც მომხმარებლის მონაცემებს ან მიმოწერას ოფიციალურად მოითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საგამოძიებო ან სასამართლო ორგანოები, კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარდგენის შემდეგ.
8.3. თუ რომელიმე მხარე განზრახ დაარღვევს კანონს ან კონფიდენციალურობას, იგი პასუხს აგებს ინდივიდუალურად, კანონის სრული სიმკაცრით.
8.4. ფორსმაჟორი და ჰაკერული რისკები: მიუხედავად იმისა, რომ Zoho Mail ფლობს მაქსიმალურ საერთაშორისო დაცვას, მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ციფრულ სამყაროში ყოველთვის არსებობს სისტემური გატეხვისა და ფორსმაჟორული ხარვეზების თეორიული რისკი (მათ შორის ჰაკერული თავდასხმები, ვინაიდან პენტაგონის ბაზებსაც კი ტეხავენ ჰაკერები, როცა ეს სურთ).
8.5. მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მონაცემთა დაკარგვაზე, სისტემურ ხარვეზებზე, გლობალურ წყვეტაზე ან მესამე პირთა უკანონო ქმედებებით გამოწვეულ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მიმწოდებლის განზრახ ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.
8.6. პერსონალურ მონაცემთა დაცვა: მომხმარებელი ხელშეკრულებაზე დათანხმებით (აქცეპტით) აცხადებს თანხმობას, რომ მომსახურების მიმწოდებელი დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საბანკო რეკვიზიტები) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავება ხდება მხოლოდ მომსახურების გაწევის, იდენტიფიცირების, საგადასახადო/საბუღალტრო მიზნებისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, არ გადასცეს აღნიშნული მონაცემები მესამე პირებს მარკეტინგული ან სხვა კომერციული მიზნებისთვის, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა (მაგ. სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნა).
9. უფლებების გადაცემა და სამართალმემკვიდრეობა.
9.1. მომსახურების მიმწოდებელი იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას, ნებისმიერ დროს მიჰყიდოს, დაუთმოს ან გადასცეს წინამდებარე აქტივი (დომენი, ბიზნესი, ხელშეკრულებები) ნებისმიერ მესამე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს მომხმარებლის უფლებების შეზღუდვას ან მომსახურების პირობების გაუარესებას.
9.2. გასხვისების შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად რჩება ძალაში.
10. დავების გადაწყვეტა და მოქმედი კანონმდებლობა.
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა, უთანხმოება ან პრეტენზია მხარეებს შორის უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით.
10.3. მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ნებისმიერი დავა მხარეთა შორის განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.